საქართველოში განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებისა და ელექტროსადგურების პროექტების განვითარების მიზნით, შპს LTG Holding-მა მიმდინარე წელს დაიწყო მზის სამი ელექტროსადგურის პროექტის განვითარება, სამომავლოდ მათი მშენებლობისა და ოპერირების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიამ მიმართა განაცხადით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროექტების შემდგომში შეუფერხებლად განვითარების მიზნით, CFD ტარიფის (განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის მექანიზმი) მიღებაზე.
მზის ელექტროსადგურები განლაგებული იქნება ორ რეგიონში, შიდა და ქვემო ქართლი, სადაც მზის დასხივების მაჩვენებლები ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყნის მასშტაბით.
კვერნაკისა და ფლავის მზის ელექტროსადგურები შიდა ქართლში მდებარეობს. ორივე პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე (DC) 14 მეგავატს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 20,43 მილიონ კილოვატ საათს.
იმერას მზის ელექტროსადგურის, რომელიც მდებარეობს ქვემო ქართლში, დადგმული სიმძლავრე (DC) 12 მეგავატს შეადგენს და მისი საშუალო წლიური გამომუშავება 15,22 მილიონი კილოვატ საათია.
სამივე პროექტს მიღებული აქვს გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლები.
მშენებლობის აქტიური ფაზა მიმდინარე წლის შემოდგომას არის დაგეგმილი.
შპს LTG Holding-ი მხარს უჭერს საქართველოში ენერგეტიკის სექტორის მდგრად განვითარებას და განაგრძობს აქტიურად სხვადასხვა მიმართულების ენერგეტიკული პროექტების განვითარებას როგორც დამოუკიდებლად, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.